სენაკის მუნიციპალიტეტში სამხატვრო გალერეის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.
სამეგრელო-ზემოს ვანეტის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება შენობის შიდა ინტერიერი, განახლდება ფასადი, დამონტაჟდება სამუზეუმო განათების, ელგაყვანილობის, წყალმომარაგების ქსელები, გამოიცვლება იატაკი, ჭერი და კარ-ფანჯრები.
ამჯერად, მიმდინარეობს შენობის ორივე სართულზე არსებული სამუშაო სივრცეებისა და სადემონსტრაციო დარბაზების სრული რეაბილიტაცია.
სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს რომლის ღირებულება 126 080 ლარს შეადგენს. სამუშაოებზე დასაქმებულია 25 ადამიანი.
1979 წელს აშენებული გალერეის შენობა ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. გალერეის ფონდში 300-ზე მეტი ფერწერა, ქანდაკება და გრაფიკაა დაცული, მათ შორის აღსანიშნავია: ლ. გუდიაშვილის, ა. ვარაზის, გ. თოიძის, ვ. დუგლაძის, ფ. ლაპიაშვილის, გ.ა ალექსი-მესხიშვილის და სხვათა ნამუშევრები.
სამხატვრო გალერეის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ამავე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.