სექსუალური ძალადობის ბრალდებით ცნობილი ტელეწამყვანი დააკავეს

სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ლაშა ნაკაიძე დააკავეს. პოლიციას დასახმარებლად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მიმართა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შემდეგი სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “მთავარმა არხმა”.

“მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”, – ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი