გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბულგარეთისა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიებში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
როგორც სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, შავ ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს.
“აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
ბულგარეთში, ქ. ბურგასში ქაფშიის მარაგების შეფასების შესახებ გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა შავ ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს უწყობს თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შავი ზღვის წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთმა კახოვკის კაშხალი ააფეთქა.