„შემოსაზღვრე საქართველო“ – კონფლიქტისპირა სოფლების მაცხოვრებლებისთვის

5 აგვისტოს, განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო“ მესამე ეტაპი განხორციელდება.

როგორც „newsportal.ge“-ს კულტურის სამინისტროში განუცხადეს, განმუხურის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 16:00 საათიდან რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. ვაჟა-ფშაველას 155 წლისთავთან დაკავშირებით, მწერალი მიხო მოსულიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ ლექციას წაიკითხავს. კულტურული პროცესების განვითარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობაზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ქართველი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი ისაუბრებს. დაგეგმილია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „თამარი“ ჩვენება, რომლის სცენარისტთან, მწერალ გურამ მეგრელიშვილთან ერთად დისკუსია მოეწყობა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცემა. ღონისძიებები შემაჯამებელი კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები მიიღებენ.

საზეიმო ღონისძიებებს განმუხურში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაესწრებიან.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისადმი ყურადღება და მზრუნველობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებაში, რომლებიც აღნიშნული რეგიონების მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართულობას გულისხმობს.

17 ივნისიდან – 23 სექტემბრის ჩათვლით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, „მომავლის სოფლის“ მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემოსაზღვრე საქართველო”, რომლის ფარგლებშიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში (რუხი, დიცი, განმუხური და ნიქოზი) ,არაერთი ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი