შს სამინისტრო დაკავებულებზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

2024 წლის 28 ნოემბრიდან, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციის და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს.

პირდაპირი ეთერების საშუალებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება, როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე, ინფრასტრუქტურის დაზიანებებში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა, დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება, დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.

მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი