შსს: “მხარს ვუჭერთ კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, იმავდროულად შეურიგებელ ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოტიკების გასაღებას”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბებში “ბასიანსა” და “გალერიში” მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ”.
“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გავხდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმეები. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი დადგა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვანი, იქნა გადაყვანილი სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით. შსს-ს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში ჩატარდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც დაფიქსირებული იქნა ვიდეო საშუალებებით.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან გასაღებების მრავალჯერად ფაქტებს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკორეალიზატორების მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს წარმოადგენდა სწორედ კლუბების ტერიტორია. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. მისი დაკავება კლუბში განხორციელდა. პირადი ჩხრეკისას მისგან დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები იქნა ამოღებული. შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში უნდა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის მძიმე და სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გასაღება, რასაც შესაძლოა კვლავ მოჰყოლოდა სიცოცხლისათვის საშიში შედეგი, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო უშუალოდ კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდების კლუბიდან ინციდენტების გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდებოდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. სისხლის სამართლის წესით კლუბის არც ერთი სტუმარი დაკავებული არ არის.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი კი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. ამ მომენტისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, იმავდროულად შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი