შსს – ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, თითო კაციანი ეკიპაჟებიც ივლიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება.

“რეფორმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, 2 კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ- ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ. შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების რამდენიმე თვიანი კურსი დაასრულეს, შედეგად უახლოეს მომავალში მუშაობის ახალი სტანდარტი დაინერგება.

ამერიკული მოდელის მიხედვით, გამარტივდება პატრულ-ინსპექტორების ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მუშაობის პროცედურული ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შემთხვევებში მონაწილე მძღოლების ადგილზე დაყოვნების დროს“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი