შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შეისწავლიან დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს „პორნოგრაფიულ კონტენტს“ და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართა, რათა ფილმის პორნოგრაფიულობის შესახებ გამოძიება დაეწყოთ.
ლორთქიფანიძის თქმით, ფილმი „პორნოგრაფიული კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.
ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.