პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
„სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ეს კონსტიტუციაშია ასახული!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ პოსტში წერს, ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საკუთარი აზრი დააფიქსირა.