სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული.

„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში.

თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით.

„საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – წერს ნიკოს დენდიასი.

„გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, რომელიც ქართველ კოლეგას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ულოცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.

ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამირ აბდოლაჰიანიც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი