დავით კოდუა – ერგეტაში მომხდარი ინციდენტი “ევროპული საქართველოს” მიერაა პროვოცირებული

სოფელ ერგეტაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, “ევროპული საქართველოს” ბრალდებებს, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ უპასუხა.

დავით  კოდუამ შტაბში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლლები ერგეტაში პროვოკაციულად იქცეოდნენ.

„გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ რესურსი და არ ყავთ პოლიტიკური აქტივი რათა შეძლონ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.”ევროპული საქართველოს” წევრები შეეცადნენ იერიში ერგეტაში ჩვენს მიკროშტაბზე მიეტანათ. მერობის კანდიდატის მეუღლემ მანქანა ჩვენი შტაბის წინ გააჩერა და ჩვენს აქტივს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო შეხლა-შემოხლა, თუმცა მალევე გააშველეს. ერთი საათის შემდეგ ისინი კვლავ ჩვენს შტაბში მოვარდნენ და მათ თავიანთი ზონდერბრიგადა მოყვებოდა , თან ის მეთოდები გამოიყენეს რა მეთოდებსაც თავიანთი მმართველობის პერიოდში იყენებდნენ. მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, შევანარჩუნოთ სიმშვიდე, რათა საარჩევნო პერიოდი მშვიდად და დემოკრატიულად წარიმართოს,”- განაცხადა კოდუამ.

შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს ვიდეო უჩვენა, სადაც მისივე თქმით ჩანს თუ როგორ მიუვარდნენ შტაბის წევრებს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ინციდენტი სოფელ ერგეტაში დღეს მოხდა, „ევროპული საქართველო“-ს წევრები ფიზიკურ შეურაცხყოფაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია დაადანაშაულეს.

იმავე თემაზე იხილეთ ლინკი: http://newsportal.ge/sofel-ergetashi-evropuli-saqartvelos-wevrebs-scemes/

კომენტარები

დატოვე კომენტარი