ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობს რუსეთთან კაბალური ე.წ. “საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირების პროცესი, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.
გუდაუთაში შეხვედრიდან დაბრუნებული ე.წ. ოპოზიციონერები დააკავეს: ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია.
ისინი ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს, სადაც შეიკრიბა დაკავებულთა ნათესავები და ე.წ. ოპოზიციონერები.
სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. შეკრებილებმა გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრში გადანაცვლება. მოგვიანებით, მომიტინგეებმა გადაკეტეს გუმისთას ხიდი.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციებს აანონსებენ და დაკავებული ე.წ. ოპოზიციონერების გათავისუფლების მოთხოვნით.
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან, რაც ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს.
ამ დროისთვის, სოხუმი პარალიზებულია – 3 ხიდია გადაკეტილი. ე.წ. სამთავრობო შენობების ირგვლივ სამხედრო ტექნიკა დგას.
გვიან ღამით მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ასლან ბჟანიამ საგანგებო სხდომა მოიწვია.
დაკავებულების მდგომარეობა კვლავ უცნობია.
წყარო: სოცმედია