სტრასბურგის სასამართლომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს მართლმსაჯულებას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ე.ი. ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა, განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას.

“როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება”, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი