სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას სარჩელთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გვარამია სისხლის სამართლის დამნაშავეა.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამხელა ფარსს ჰქონდა ადგილი, როდესაც ვნახეთ მოწოდებები ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსისგან; შემდეგ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის მიერ გვარამიას შეწყალება, მან ვერც კი გაბედა აეხსნა, რა იყო საფუძველი შეწყალებისა; ვნახეთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გამოხმაურებები, რომელიც იწონებდა ამ გადაწყვეტილებას, როგორც დეპოლარიზაციის ნაბიჯს და ვხედავთ, სად ვართ ახლა. ახლა ხომ მიხვდა საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. არავითარი დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი ეს არ იყო.

ადამიანი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსაც კი გამოეკიდა და ალბათ, ახლა სტრასბურგის სასამართლოს “ვეტინგს” მოითხოვს და იმუქრება, რომ ხელისუფლება შეიცვლება, სასამართლოს გაყრიან და საკუთარ მოსამართლეებს მოიყვანენ, ეს ადამიანი გამოაყვანინა ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილს გარეთ.

ასევე დადასტურდა, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე. სტრასბურგის სასამართლომ არც კი განიხილა, ჩახედა რა დოკუმენტაციას, მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა დამნაშავესთან და არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი