სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული

პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

“საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს… არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი