სუს: “საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა, მხოლოდ ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება”

ხურჩაში მცხოვრები ორი ოჯახი ამტკიცებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. “საზღვარი” გადმოწიეს და მათი სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორტიაზე მოექცა. არველოდ ნაჭყებია და ომარ მიქაუტაძე აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნოდათ, თუმცა ოფიციალურად დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.

საკითხს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა და მხოლოდ ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

“საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე. ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე”, – განმარტავენ სუს-ში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი