სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სუს-ის განცხადება ემსახურება ადამიანების ფსიქოლოგიურ დატერორებას.

„სუს-ის დღევანდელი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს. ეს, რაღაც სცენარების დატრიალება, რა სცენარიც მოიცავს „გვამებს“, ეს არის ადამიანების ფსიქოლოგიური დატერორება. იმ დროს, როდესაც გარეთ არის მშვიდობიანი აქციები, გუშინ საღამოს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა არ არის, არც „ტიტუშკები“ და არც სხვები, ძალიან აქციები მშვიდობიან ტარდება და არაფერი ისეთი არ ხდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობენ, “იგეგმება, რომ 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს – ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი