მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერის მოსახლეობის ნაწილი სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთხელ გამოვიდა.
ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში სოფლის მოსახლეობას გადასახლება ემუქრება, რასაც არ დაუშვებენ.
„ჰესის ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული და მისი მშენებლობა გახდება მეწყერული პროცესების გააქტიურების წინაპირობა. ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობას აყრის საფრთხის წინაშე აყენებს. გამომდინარე აქედან ვითხოვთ როგორც ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროცესის, ასევე სვანეთში ყველა ჰესების მშენებლობის დაგეგმვის შეჩერებას“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ცინდელიანი.
აქციას სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, მათ შორის პირველი პრეიზდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, რომელიც მიიჩნევს, რომ „ნენსკრაჰესის მშენებლობა სვანეთი ულამაზესი ბუნების საბოლოოდ განადგურებას გამოიწვევს და ეს ყველაფერი კერძო ინტერესებს ეწირება და არა ქვეყნისას“.
„არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, შესწავლილი და მტკიცებულებებით გამყარებული, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყოველგვარი გეოლოგიური, სეისმური, სოციალური და ეკონომიკური შესწავლისა და დასაბუთების გარეშე ხორციელდება ამ ჰესების მშენებლობა მავანის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ქვეყნის ინტერესებთან ამას არავითარი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა გამსახურდიამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართავენ.
დღევანდელ აქციას სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.