სვეტიცხოვლის საძმო, მომღერალ ბერა ივანიშვილის და მისი მეუღლის, ნანა გუდავაძის ჯვრისწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯვრისწერის გამო სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„11 ნოემბერს სვეტიცხოველის ტაძარში ჯვარი დაიწერეს თეოდორე (ბერა) ივანიშვილმა და ნანა გუდავაძემ. სამწუხაროდ, შემდეგ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოველიდან ამის გამო გამოყარეს მლოცველები. ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ეს ნათქვამი არ შეეფერება სინამდვილეს“, – აღნიშნულია სვეტიცხოვლის საძმოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერას ჯვრისწერის გამო, სვეტიცხოველში ვიზიტორებს არ უშვებდნენ.
ბერას ჯვრისწერას, ასევე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. როგორც მან სოციაური ქსელით განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი შვილის ქორწილის გამო მთელი მცხეთა ევაკუირებული იყო და სვეტიცხოვლიდან მლოცველები გამოყარეს.