თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე თბილისი-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსიდან ერთ-ერთი მგზავრი, ევროპიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნებული კაცი გაიქცა.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა, ტელეფონით ახლობელთან საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ 4 დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, თვითნებურად დაარღვია თვითიზოლაციის რეჟიმი და ზუგდიდისკენ მიდიოდა. ამან სხვა მგზავრების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია და ერთ-ერთმა მათგანმა ცხელ ხაზზე დარეკა, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცი მიკროავტობუსიდან გაიქცა.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მარი გიუნაშვილმა “იმედინიუსს” განუცხადა, მისი ადგილსამყოფელის დადგენას პოლიცია ცდილობს.