თბილისიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მატარებელი იმოძრავებს

“საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.

კერძოდ, როგორც კომპანიაში განმარტავენ, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს.

“ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.
კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლებული სადგური თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული.

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი