თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
“მომხდარზე გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული. პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე – სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე”, – განაცხადეს პროკურატურაში.
უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ბრალი არც ერთი პოლიციელის მიმართ წარდგენილი არ არის.
აღსანიშნავია, რომ მომხდარზე გამოძიებას – პოლიციელების მიერ გულგრილობის მიმართულებით პროკურატურა, პატიმრის გაქცევის კუთხით კი შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
არსებული ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცა.
ძაგანიშვილის ოჯახის მტკიცებით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.