თეთნულდზე ორი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური საძიებო სამუშაოების შედეგად, სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი იპოვეს. ბელორუსიის ორი მოქალაქე გარდაცვლილი, ხოლო ერთი – დაშავებულია.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ “112”-ში 3 ტურისტი ქალის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მესტიის სპეციალიზებულმა სამაშველო ჯგუფმა. ხილვადობის აღდგენისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფტრენი. ტურისტების პოვნა ცოტა ხნის წინ მოხერხდა და მაშველთა ჯგუფებს ისინი მესტიაში გადაჰყავთ.

სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი