თითოეული პუნქტი ე.წ. ქარტიაში, არის საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა – პრემიერი პრეზიდენტის ქარტიაზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს აფასებს და ამბობს, რომ ქარტიით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ. მისი თქმით, წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს და უკვე ჩავარდნილი პროექტია.

“ზოგადად, როდესაც რაიმე პროექტი ჩავარდება, იმის თავიდან დაწყება არ არის ხოლმე მომგებიანი. გახსოვთ, ეს პროექტი არსებობდა ადრეც და მას უწოდებდნენ ნათელაშვილის ფანჩატურს და ამის რეინკარნაცია შემოგვთავაზა ახლა სალომე ზურაბიშვილმა. რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება არის განწირული წარუმატებლობისთვის. ზუსტად იგივე სახეები, იგივე ადამიანები, აბსოლუტურად არა ევროპული სახეები. წარმატების პერსპექტივა ამ პროექტს არ აქვს, უკვე ჩავარდნილი პროექტია.

მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ, თავის დროზე საუბარი იყო აქტიურად უცხოელ აგენტებზე, რეესტრის შექმნაზე და ა.შ. რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა შექმნა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი, სხვა არაფერ არ შეიძლება ეწოდოს იმ სიას, რომელიც შედგა სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც კიდევე ერთხელ მოთავსდა ერთ ქვაბში, სადაც ისედაც იყო მოთავსებული”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტში წარმოდგენილ გეგმა, რეალურად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმაა.

“თითოეული პუნქტი, რომელიც არის წარმოდგენილი ამ ე.წ. ქარტიაში, არის საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის გეგმა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. როდესაც უცხოელი აგენტები აფორმებენ გარკვეულ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მათი ერთადერთი ამოცანა შეიძლება იყოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოშლა და ამას ასახავს ქარტია”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი