ცეცხლს ეთამაშებით! ფრთხილად იყავით! – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნების გზით მოხდება და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

მისივე თქმით, ფაქტები, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი, რეალობაა და რადიკალური დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ.

„თემა მარტივია და ძალიან მარტივი ენით ვიტყვი: როდესაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, დააკვირდით – რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამ ყველაფერზე. მიზანმიმართული ქილიკი მიდის, რომ შესაბამისი უწყების დისკრედიტაცია მოახდინონ. ამის მცდელობა აქვთ, თუმცა ის, რაზეც სუს-ის მხრიდან იყო საუბარი, რეალობაა. არ იფიქროთ, რომ კონკრეტული დაჯგუფებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ. მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ. მცდელობა აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა მოხდეს და ხელისუფლება დაემხოს ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, არ ვხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. არ იფიქროთ, რომ ვინმეს ვაშინებ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მშვიდად იყავით, მეგობრებო! ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენ ხალხს, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღესაც!“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ეს ადამიანები, იგივე სააკაშვილის, ბატონი ვაშაძის განცხადება იარაღის ხელში აღებასთან დაკავშირებით, თუნდაც თავიანთი განცხადებებით სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ადასტურებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით! ძალიან ფრთხილად იყავით! არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება შემოიტანონ და ხელისუფლების დამხობა სცადონ. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით განხორციელდება. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც არაკანონიერ ქმედებებს დააპირებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა მან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი