რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, გენერალმა ზაზა გოგავამ ვერ გააბათილა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ არსებული ეჭვი.
„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ. ჩვენ კითხვას ვსვამთ. თუ ეს აღმოჩნდა, რომ ასე იყო, რა თქმა უნდა, ვიტყვით, და ვამბობთ, რომ ეს ხალხი გმირები არიან, როდესაც ისინი მიატოვა უმაღლესმა მთავარსარდალმა და როდესაც ისინი გაწირა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, ზაზა გოგავამ. ასე გამოვიდა, იმიტომ, რომ მან დაუშვა ის, რაც არ უნდა ხმა აემაღლებინა კომისიის წევრებზე, რასაც არასდროს არ დავითმენ; იქ მოვითმინე, რადგან ეს არის ჩემი ვალდებულება. როდესაც გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი ხმას უწევს, გეგონება, მოგებული ომის გენერალი იყოს, ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, რატომ არ გამოიყვანა მან მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინმემ დაავალა? მე მგონია, მას ეს დაავალეს, რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო იქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა, რათა შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა, შეხედეთ, ხალხო, მსოფლიო, შეხედეთ, რუსეთი რა ბოროტია – თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი – ამდენი ხალხი ჩამიხოცა. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ამისთვის სჭირდებოდა და რაკი მაქვს ეჭვი, ამიტომ ვსვამთ კითხვებს. იქნებ გაბათილდეს ეს ეჭვი, მაგრამ ზაზა გოგავამ, გენერალმა, ეს ვერ გააბათილა. მან ლამის ხელები გაასავსავა და თქვა, რა უნდა მექნა, ვერ შევძელი მოსახლეობის გამოყვანაო. ამ დროს არ ჰქონდა მას გეგმა“, – განაცხადა წულუკიანმა.