თურქეთში სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის სარკოფაგი აღმოაჩინეს

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თურქეთში სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც ისტორიკოსების ცნობით, თამარ მეფის შვილიშვილი იყო.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით საელჩო იუწყება, რომ სარკოფაგებს არქეოლოგიური გათხრების დროს მიაკვლიეს.

„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში, რომელიც საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ცნობისთვის: გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი, იყო თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთნის ტოღრილის შვილის მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად–დინ ქეი ხუსრევ II მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს. თანამედროვეთათვის გურჯი ხათუნის საფლავი, მისი ბებიის საფლავის მსგავსად, უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი