ტყიბულის შახტაში 6 ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა – 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა – 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა – 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი