უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-27 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ პროგნოზს აქვეყნებს.

24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი