გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას განცხადებით, საქართველოში 29 დეკემბრამდე ზამთრის თბილი ამინდებია მოსალოდნელი.
გვაზავას თქმით, ღამის ყინვის გამო, შედარებით ეციება აღმოსავლეთ საქართველოში.
“გასული კვირა იყო ძალიან რთული მეტეოროლოგიური სიტუაციებით. განსაკუთრებით, ძლიერი ნალექი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში, ნაკლები ნალექი მოვიდა აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში, ეს არის ბაკურიანი, ახალციხის მიდამოები. ნალექი თითქმის არ აღნიშნულა კახეთის რეგიონში. დედაქალაქში, შედარებით, მცირე ნალექი დაფიქსირდა.
დღეიდან, 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში ზამთარი თბილი ამინდებია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში, დაახლოებით, 19-20 გრადუსს მიაღწევს, მთიან რაიონებში 11-13 გრადუსს და მაღალ მთაში 8-10 გრადუსს. ტემპერატურა გათბება აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთიან რაიონებში.
ღამის საათებში, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ყინვა. ყინვიანი ამინდები მოსალოდნელია, ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოს როგორც ბარში და მთაში, ასევე მაღალ მთაშიც.
ამ კვირას, განსაკუთრებით 27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში აღინიშნოს მცირე ნალექი თოვლის სახით.
ხვალ,დილის საათებში, დღის პირველ ნახევარში, საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვლი და თოვლჭყაპი.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამის ყინვების გამო, შედარებით ეციება. ცალკეულ დღეებში ღრუბლიანი ამინდი შეიძლება ჭარბობდეს, 27 დეკემბრამდე, ეს იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე და ამიტომ, აქ დასავლეთთან შედარებით რამდენიმე გრადუსით ნაკლები იქნება, მაგრამ მგრძნობელობა იქნება სითბოსი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.
მისივე თქმით, 28-29 დეკემბრიდან საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. უმეტეს რაიონში იქნება ნალექი, მთიან და მაღალ მთიან რაიონებში თოვა.
“შესაძლოა დედაქალაქში, 24 დეკემბერს დილას მცირე ნალექი აღინიშნოს წვიმის სახით. 25-26 დეკემბერს, შესაძლოა, თბილისში ღამის ტემპერატურამ 2-3 გრადუს ყინვამდე დაიკლოს. დღის მაქსიმალური ტემპერატურა აქ მოსალოდნელია 12-14 გრადუსი. 27-მდე ამაზე მეტი არაფერია მოსალოდნელი. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა ჭარბობდეს ღრუბლიანი ამინდი, მაგრამ ეს ნალექს არ მოგვცემს”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.