გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 278 ფაქტი გამოავლინეს.
“უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 58 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთშია გამოვლენილი; იმერეთში 52 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, კახეთში – 49, სამცხე-ჯავახეთში – 36, შიდა ქართლში – 23, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 19, აჭარაში – 16, გურიაში – 10, მცხეთა-მთიანეთში – 7 და ქვემო ქართლშიც – 7. სამართალდარღვევები გამოვლენილია დედაქალაქშიც; დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტში, თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი აღკვეთეს. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 27 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 716 ფაქტი გამოავლინეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.