საქართელოს და უკრაინის მთავრობა ორ ქვეყანას შორის გადაადგილების მიზნით შიდა ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი.
„ასეთი შეთანხმება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრე საენკოს და საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის იქნა მიღწეული, თბილისში 17 ივლისს. უკრაინა მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი და თანამშრომლობა არსებული საკითხების დახვეწის მიზნით, ასევე სატრანსპორტო მარშუტების განვითარებისთვის და ტვირთის გადაზიდვის საკითხში ბარიერების გადალახვისთვის. ამ კონტექსტში აქტუალური რჩება „ახალი აბრეშუმის გზის“ განვითარების საკითხი. ამგვარი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება უკრაინულ ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის“,-ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.