უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეიზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, “უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ პირებს, ჯამში 19 ადამიანს, რომლებიც ყიდიან საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს”.

ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, მოსამართლე ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, დეპუტატი თეა წულუკიანი, კახა ბექაური.

„ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ რეგიონში ვერც ერთ ქვეყანას- ვერც საქართველოს, ვერც მოლდოვას და ვერც უკრაინას, ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, უკრაინის მაგალითს მიბაძონ.

„ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ – იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შემზღუდველი ზომები მოიცავს: აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას (სრულ შეწყვეტას), უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, ნაწილობრივ ან სრულ შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების შეწყვეტას ან შეჩერებას, რომელთა მიღება გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობაა, უცხო სახელმწიფოს რეზიდენტებისა და იმ პირების სახელმწიფო პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად კონტროლდებიან უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ ან მოქმედებენ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებში უცხოური არასამხედრო გემების და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას და უკრაინის საჰაერო სივრცეში ან უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდების შესვლის აკრძალვას ან შეზღუდვას (სრული აკრძალვა), ფასიანი ქაღალდების მიმართ, რომელთა ემიტენტებიც არიან სანქცირებული პირები, ოპერაციების სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა (სრული აკრძალვა), სავაჭრო ხელშეკრულებების, ერთობლივი პროექტებისა და სამრეწველო პროგრამების შეწყვეტას ცალკეულ სფეროებში, კერძოდ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვას, უცხო სახელმწიფოებთან და უცხოურ იურიდიულ პირებთან კულტურული გაცვლის, სამეცნიერო თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და სპორტული კონტაქტების, გასართობი პროგრამების შეწყვეტას, უცხო ქვეყნების რეზიდენტებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმას და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის სხვა აკრძალვების გამოყენებას, ოფიციალური ვიზიტების, შეხვედრების, ხელშეკრულებების ან შეთანხმებების გაფორმებაზე მოლაპარაკებების გაუქმებას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოებისა და სხვა აღიარების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთების შეძენის აკრძალვას.

წყარო: ipn

კომენტარები

დატოვე კომენტარი