უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატოს კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, აზოვის ზღვაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ნატო-უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომას გამართავს.

ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თხოვნით მოიწვიეს და ის ბრიუსელში, დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ნატოში აღნიშნავენ, რომ პეტრო პოროშენკომ და იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას აზოვის ზღვაში შექმნილი ვითარება განიხილეს.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი