უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება იღებს ყველა ზომას რუსეთის აგრესიული ქმედებების საწინააღმდეგოდ.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი,” – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოერიდონ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის სტაბილურობას და თესავს პანიკას.
“რუსეთისთვის ყოვლისმომცველი შეკავების პაკეტი, რომელიც პარტნიორებს უკრაინამ 2021 წლის ნოემბერში შესთავაზა, გახდა ეფექტური ინსტრუმენტი კრემლის აგრესიული პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და ყველა დონეზე კოორდინირებული დიპლომატიური კონტაქტებით, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მკაცრი სანქციების პაკეტის მომზადების დასრულებით, იარაღის მიწოდებით და მაკროფინანსური დახმარებით ახლა ჩვენს სახელმწიფოს აქვს ძლიერი პოზიცია,” – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და მზად არიან, აღკვეთონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ნებისმიერი ხელყოფა, ხოლო უკრაინის დიპლომატია მუდმივ კონტაქტში იმყოფება ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან და ოპერატიულად იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებას დროული ზომების მიღების საშუალებას მისცემს.