უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური – კობახიძე სააკაშვილზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

“წლიდან წლამდე ანგარიშის საერთო შინაარსი არ იცვლება. დაახლოებით, იგივეა ამ ანგარიშის შინაარსი, რაც იყო შარშან და შარშანწინ. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, გუშინ აქაც გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, „ფეიკი“ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული, როგორც სააკაშვილი, ასევე, მელია, რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც დამეთანხმებით, აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობდეს „ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო“. დაახლოებით, ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა.

სააკაშვილი ალბათ, არ უნდა დაგვეჭირა, ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან, ეს იქნებოდა ჰუმანური. რაც შეეხება სახელმწიფოს მოქმედებას, სახელმწიფომ, სისტემამ იმოქმედა ისე, როგორც უნდა ემოქმედა, ეს პირი დაკავებულია როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი