უსუფაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრობა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს

“შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსასვლელად სამ წინადადადებას სთავაზობს.

როგორც  უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “1. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე; 2. სუს-მა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება; 3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა.

აქვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გადამდგარ პრემიერზე, გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა.

“14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ. მან შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი. ვუსურვებ წარმატებას და ამქვეყნად თავაწეულ, ამაყად სიარულს. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ის, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე – არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი