ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 30 წლის კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, ლაზარეთში გადაყვანის შემდეგ კი, გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეს ლაზარეთში შესვლისას გული გაუჩერდა. მამუკა ხარაზიშვილს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.