ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, დავრჩეთ სახლში – პაატა იმნაძე

დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან გამეორდება იტალია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს დარჩეს სახლში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის გავრცელება.

„ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ოჯახებშიც ვრცელდება ვირუსი. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ თუ ვინმე ოჯახიდან უნდა გავიდეს და დაბრუნდეს ხოლმე, იყოს იზოლირებული ოჯახის სხვა წევრებისაგან. ასე ვრცელდება ეს ვერაგი დაავადება. გაიგეთ ხალხო, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი. ეს ყველამ უნდა გავიგოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „მოამბეში“ .

პაატა იმნაძე არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში საჭიროების შემთხვევაში ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

“ვუყურებდი მანქანები როგორ დადიოდა ქალაქში. მესმის, რომ აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, მაგრამ თუ ჩვენ ოჯახებში შევიკრიბებით, მოვაწყობთ სუფრას 5-6 კაციანს, შეიძლება, ხუთივე, ექვსივე ჩაწვეს. კარგად გამიგეთ, მოერიდეთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ დღეს, ერთხელ ვთქვათ უარი იმისთვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს, იგივე ეკლესია გადარჩეს – ნუ წახვალთ ეკლესიაში, გადავარჩინოთ ჩვენი ეკლესია!”, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე შეფასებით, დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომ მიგვეღო ნაკლები ადამიანის დანაკარგი, თუმცა სახლში დარჩენის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, “მოგველის ის, რაც იყო იტალიაში”.

„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს – ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი