ვერ ვიქნებით ბედნიერი ვიდრე სიღარიბე არ განულდება და უმუშევრობის პრობლემა საბოლოოდ არ დაიძლევა – კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლო კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რაც მთავარი ინსტრუმენტია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის.

მისივე თქმით, ოპოზიცია კამპანიას აწარმოებს სიღარიბესთან დაკავშირებით, მაშინ, როცა “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო.

“კამპანიას აწარმოებენ სიღარიბესთან დაკავშირებით და ამაში ხარჯავენ 48 000 დოლარს. 48 000 დოლარით შეეძლოთ, თუნდაც რამდენიმე ოჯახისთვის დახმარების გაწევა სიღარიბის დაძლევაში და არა ამ აბსურდული კამპანიის წარმოება. რაც შეეხება სიღარიბეს, სიღარიბესთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული მონაცემები 15,4%, ეს არის 2022 წლის მაჩვენებელი, არის ძალიან მძიმე ვითარება. მართალია „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიღარიბე იყო 1 150 000 და ახლა არის 600 000-ზე ნაკლები, ანუ განახევრებულია პრაქტიკულად თითქმის სიღარიბე, მაგრამ ჩვენ ამით ვერ ვიქნებით ბედნიერი და კმაყოფილი. ჩვენ ბედნიერი შეიძლება ვიყოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიღარიბე განულდება. ამ თემით სპეკულირება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ, რომ მათ დაგვიტოვეს 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა.

უმუშევრობაზეც იგივეა, ისტორიული მინიმუმი გვაქვს დღეს, თუმცა უმუშევრობის მაჩვენებელიც არის ძალიან მაღალი. მთავარი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა. მე შეგახსენებთ, რომ 2021 წელს გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასევე 2022-ში, შარშან გვქონდა 7,5%, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მაჩვენებელს. სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი ინსტრუმენტი არის ეკონომიკური ზრდა და ამისთვის ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ავტობანის მშენებლობა, პორტების განვითარება, აეროპორტების განვითარება და ა.შ. რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. მათ შორის აიტისმიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, გრძელდება მუშაობა ყველა თემაზე და სწორედ ეს პროცესი არის დაკავშირებული საბოლოო ჯამში სამუშაო ადგილების შექმნასთან და ასევე დასაქმებულების შრომის ანაზღაურების გაზრდასთან”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი