შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ უწყების გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან დაშავებული პარაპლანისტების დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რაც შეეხება პარაპლანისტებს, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.