ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია – ირაკლი ჩიქოვანი

“ზუგდიდში არჩევნები დაიწყო, არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა უბანზე, არსებითი დარღვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა. აქტივობა არის კარგი, თუმცა ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ.

მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, ჟურნალისტებში იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს ის სიები, რა სიებითაც ოპერირებენ ჩვენი მხარდამჭერები. მე ხელში მიჭირავს სია, ეს არის ჩვენი მომხრეების სია, ერთ კონკრეტულ უბანზე, აქ არის მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად მონაცემებს. შესაბამისად, ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებებთ იმისთვის, რომ ორგანიზებულად ჩავატაროთ არჩევნები.

თუ რამე კითხვები გაქვთ ამ სიებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომართოთ მე ან ნებისმიერ წარმომადგენელს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას. ნუ შეუშლით ხელს საარჩევნო პროცესს იმიტომ, რომ ამ საარჩევნო პროცესში არცერთი კანონდარღვევა არ ფიქსირდება ჩვენი აქტივისტების მხრიდან.

მეორეს მხრივ, ყურადღება მინდა გავამხვილო ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დაწესებულ 1000 ლარიან ჯილდოზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. ეს, პრაქტიკულად, სასაცილოა და სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ და გეგა შენგელიას კამპანია არ საჭიროებს ასეთი მეთოდებით მუშაობას, ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ პირველ ტურში და მაღალი აქტივობა ამის უზრუნველმყოფელია“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი