“ვივუსი” ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულებაში მონაწილეობას არ მიიღებს

ონლაინსესხების კომპანია “ვივუსი”, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სასესხო დავალიანების განულების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომპანია  განცხადებას ავრცელებს.

„დღეს გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გავაკეთოთ შემდეგი განმარტება:

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრამ, მამუკა ბახტაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი