საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 15 ივლისს სამეგრელოს ესტუმრება. პრემიერ-მინისტრი ვლაქერნობისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვასაც დაესწრება, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში გაიმართება. პრემიერთან ერთად სადღესასწულო წირვას მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.
მართლმადიდებლური ეკლესია 15 ივლისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს – ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ და ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ ამ სიწმინდეს.
ვლაქერნობის აღსანიშნავად მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და მსოფლიოს მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან.