უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული სამხედრო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას ეხმაურება.
“მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”! რუსეთს სურს ამის განმეორება და უკვე იმეორებს, ოღონდ 6-ჯერ მეტად. ევროპელებო, გაიღვიძეთ, გთხოვთ, უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს. რუსული ჯარები ბომბავენ ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. იქ 6 ენერგობლოკია, ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა… თუ აფეთქება ზაპოროჟიეშიც მოხდება, ეს იქნება ყველაფრის დასასრული, ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია, შეაჩეროს რუსული ჯარები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ცოტა ხნით წინ, ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსული მხარის მიერ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ,,ტვიტერში” გამოეხმაურა: ,,რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!”.