წალენჯიხის საბავშვო ბაღებისთვის კარაქის ნაცვლად სპრედის მიწოდების ბრალდებით ორი ინდ. მეწარმე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე,  ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სამინისტროს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ  მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა – ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა – ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 210 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე – 2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი