წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ დაკავებულის უფლებადამცველმა, ბაჩუკი ყურაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი მანქანა „ტოიოტა პრადო“ საკრებულოს აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიყენა და სავარაუდოდ სწორედ მან ჩატვირთა უაქციზო სიგარეტი ავტომობილში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების ცნობით, საქმე ეხება ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი