ხაიშში პოლიციელის ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ხურციამ გამოიტანა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და სამივეს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლში გეგმავს.
გამოძიება ბრალდებულებს, სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს ედავება. საქმე ეხება ხაიშში კომენდანტის დროს ადგილობრივებისა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც გამოძიების ვერსიით, ხუთი ადგილობრივი არ დაემორჩილა პოლიციელებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტის მონაწილე სამი პირი დაკავებულია, ხოლო ორს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 248-ე და 353 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.