ხმაური ზუგდიდის რაიონის საკრებულოში – დეპუტატების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტების შერწყმას მხარი დაუჭირა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის შერწყმის საკითხს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მათი თქმით, “მხარს ვერ დაუჭერენ იმ დირექტივებით მოქმედებას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან მიიღეს და მოქალაქეების აზრი არ გაითვალისწინეს”.

სხდომას ესწრებოდა მესამე სექტორიც, რომელთაც არაერთხელ მოუწოდეს საკრებულოს წევრებს, არ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა საბოლოოდ 24 ხმით 3-ის წინააღმდეგ უწყებამ სამთავრობო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მან არაერთი შეხვედრა გამართა თემის მოსახლეობასთან, თუმცა არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციების შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინა, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხოდ დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეახსენა ხელისუფლების 2014 წლის გადაწყვეტილებაზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე და სხდომაზე მოუწოდა მათ, “ნუ მოჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან”.

არასამთავრობო ორგანზიაცია “საუნჯეს” თავმჯდომარე იაგო ფასანძის განცხადებით კი, “გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობის, ბატონ კობახიძის დირექტივებით იქნა მიღებული და არავითარ შემთხვევაში იგივე გადაწყვეტლება არ უნდა მიიღოს ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მოსახლეობასთან კონსულტაციების და მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი