ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია თავისუფალია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, რომლის ექსტრადიცია უკრაინიდან საქართველოში გასულ თვეს განხორციელდა, თავისუფალია. ამის შესახებ რადიო “ათინათი” წერს.

სამუშიას თქმით, პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ამოიწურა და სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების საფუძველი.

„ამეკრძალა საზღვრის დატოვება, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა და პასპორტი. ჩვეულებრივ, ჩატარდება სასამართლო პროცესები და ვალდებული ვარ დავესწრო. საზღვრის გადაკვეთის გამო აღმოვჩნდი ციხეში, მოვიხადე სასჯელი და სწორედ ამ ვადის ამოწურვის გამო გამიშვეს. რადგანაც ქვეყანა დავტოვე, გირაო შემიცვალეს პატიმრობით, რაც უკვე მოვიხადე“, – ამბობს სამუშია.

გიორგი სამუშია უკრაინაში 31 მაისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კი უკრაინას გიორგი სამუშიას საქართველოში ექსტრადიციისთვის მიმართა.

ამასთან, გიორგი სამუშია 2015 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ცნობით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე გიორგი სამუშიასთან ერთად ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.

მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. სასამართლოს მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევის მიუხედავად, გიორგი სამუშიამ საქართველოდან გასვლა მოახერხა, რის გამოც მასზე ინტერპოლის მეშვეობით წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

გიორგი სამუშია ბოლოს ბელგიის ქალაქ ლიეჟში გამოჩნდა, სადაც იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც საქართველოს პირველმა არხმა მის მიერ საქართველოს დატოვების დეტალების შესახებ სიუჟეტებიც მოამზადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი